აქუბარდია: ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ სივრცეში
20/11/2024 10:32:54 პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ აქციების ორგანიზატორები მისი თანაგუნდელები არ არიან, თუმცა პროტესტს უერთდებიან.
„კარგად უნდა გესმოდეთ, რომ როცა საუბარია საპროტესტო აქციებზე, ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, თუმცა ვუერთდებით კონსტიტუციის უფლების გამოხატვის შესაძლებლობას, რაც მშვიდობიან პროტესტს გულისხმობს. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი წინააღმდეგობის განზომილება, რათა ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიულ სივრცეში. მე არ ვიცი, რა არის გეგმა, რადგან არ ვართ აქციის ორგანიზატორები, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ სივრცეში, რათა ხელახალი არჩევნების ჩატარების გზით და ყველა საკანონმდებლო ნორმის გამოსასწორებლად, რომელმაც დაუშვა არჩევნებში სისტემური გაყალბება, შევცვალოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ იმ კონსტიტუციურ სივრცეში, რომელიც არის ხალხის მხრიდან განსაზღვრული.
გუშინ, ჩვენ გვქონდა სასამართლო პროცესი, ვასაჩივრებდით ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმს და ესაა სამართლებრივი ბრძოლის განზომილება. ასევე, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომ არ მოხდეს ამ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია, არ მოხდეს უვიზო რეჟიმის შეჩერება უბრალო მოქალაქეებისთვის და პასუხისმგებლობა და შესაბამისი ქმედებები განხორციელდეს ივანიშვილის იმ ძალაზე, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუციას დაუპირისპირა პოლიციური ძალა და მოჰპარა ხალხს არჩევანის თავისუფლება“, – განაცხადა აქუბარდიამ.
მაინ გაიმეორა, რომ "საქართველოსთვის" პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ "სიების ჩახსნა და მანდატების გაუქმება არ არის ჩვენი გზა":
"არიან პარტიები თუ კოალიციები, რომლებიც 10-ჯერ აპირებენ განცხადების დაწერას და ჩვენ არ მივყვებით მათ გზას, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი კურსი და ტაქტიკა. სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის დაწერა “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგია და ჩვენგან ეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება. არ ვაპირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში მოვექცეთ და “ქართული ოცნების“ ბერკეტები იყოს ჩვენზე გამოყენებული და მათი ნება-სურვილის შესაბამისად ვმოქმედებდეთ“.


