„რიგ სს საქმეებს უმაღლესი იურიდიული განათლების არმქონე გამომძიებლები იძიებენ“
17/02/2020 14:35:45 სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის განცხადებით, რიგ სს საქმეებს უმაღლესი იურიდიული განათლების არმქონე გამომძიებლები იძიებენ. ამასთან, მისივე თქმით, სს საქმეების წარმოებისას პროკურორსა და გამომძიებელს შორის ფუნქციებიც მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს.
„პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციების გამიჯნვას მივესალმები. ასევე მივესალმები გამომძიებლებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემას და მეტი ფუნქციებით დატვირთვას, მათ შორის - საპროცესო გადაწყვეტილებებში მათი ჩართულობის კუთხით. ეს კომპლექსური პროცესია და ვფიქრობ, ამას თან უნდა სდევდეს გამომძიებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საკმაოდ სისტემური და გეგმაზომიერი ღონისძიებები. ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებენ ისეთი გამომძიებლები, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ როდესაც ხდება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, გამომძიებელს უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შოთაძემ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მისი კანდიდატურის განხილვის ფარგლებში დღეს თავად შოთაძეს უსმენენ.


