გომელაური: "მერაბიშვილის განცხადება არასერიოზულია"
21/02/2020 10:07:51 სამართალი
საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური "არასერიოზულს" უწოდებს შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმად, "ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ერთ წელიწადში დაასრულებს".
"მე არ დავიწყებ საუბარს იმაზე, ვანო მერაბიშვილმა რა თქვა, როგორ თქვა და რა არ თქვა. ამაზე ბევრი განმარტებები გაკეთდა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. თვითონაც ბევრი განცხადება გააკეთა“, - განაცხადა გომელაურმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, გარდა მერაბიშვილისა, რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე სხვა პირები, მაგალითად ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც ამჟამად სუს-ში თანამდებობაზეა, გომელაურმა შემდეგი განაცხადა:
„ხოჯევანიშვილმა რა გააკეთა?.. რაც ხდებოდა გვახსოვს, მაგრამ ვინ რა ბრძანება გასცა, ეს სხვა თემაა. მე რომ ბრძანებას გავცემ უკანონოს, მე უნდა დავისაჯო და არა თქვენ ყველა, ვინც აქ დგახართ. შეასრულა რამე ხოჯევანიშვილმა? დაზუსტებით ვიცი, რომ არ შეასრულა“, - განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, შს ექს–მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. "გავაგრძელებ ბრძოლას, რომ მოქმედი რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოშორდეს. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება პოლიტპატიმარისთვის", – განაცხადა მერაბიშვილმა.


