
"გავაგრძელებ ბრძოლას, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოშორდეს"
20/02/2020 06:11:29 სამართალი
"გავაგრძელებ ბრძოლას, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოშორდეს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, შინაგან საქმეთა ექს–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია.
"მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა, რათა ეს რეჟიმი საქართველოს ჩამოშორდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს - დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი - ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეშია... ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ექს-პრემიერის თქმით, იგი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას შეუერთდება.
"ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი თანამებრძოლები სხვადასხვა პარტიაში არიან. მე ყველა მათგანს შევხვდები. თუ საჭირო იქნება, მივიღებ იმ გადაწყვეტილებას რომელიც საჭირო იქნება. მახარებს, რომ პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ჩვენ ყველა დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას. ზუსტად 9 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი თავის მიმართ. ჩემს წინააღდეგ კიდევ შეუძლიათ, აღძრან 10-მდე საქმე. მე ეს ვერ გამტეხს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მან ახლობლებს და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.