სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობა შეაჩერა
27/02/2020 08:14:08 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანას ბაღთან“ მიმდინარე მშენებლობა შეაჩერა. როგორც „ანას ბაღის" დამცველების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება მანამ, სანამ სასამართლო მშენებლობის ნებართვის გაბათილების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
"სასამართლომ მშენებლობის დაუყოვნებლივი შეჩერების განჩინება გამოიტანა. დღეს "ანას ბაღის" დამცველები" თბილისის მერიას მივმართავთ და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამუშაოები“, – ნათქვამია „ანას ბაღის" დამცველების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: ადგილობრივები ვარკეთილში, "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას უკვე სამი წელია, ითხოვენ. მშენებელი კომპანია და მერია ირწმუნებიან, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრება. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ–გვერდზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობისას ხეების მოჭრა არ იგეგმება. თუმცა ადგილობრივებს მერიისა და კომპანიის მიერ გაცემული დაპირებების არ სჯერათ. ორი დღის წინ მოსახლეობამ და აქტივისტებმა „ანას ბაღის“ მიმდებარედ „პარტიზანული სკვერი“ მოაწყვეს და ხეებიც დარგეს. მეორე დილით კი კომპანია „შპს ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა” კერძო დაცვის გამოყენებით ტერიტორიიდან ნარგავები აიღო.
იხილეთ ასევე: თბილისის მერი: „ანას ბაღის” რეაბილიტაცია იგეგმება და ვერავინ გაბედავს, სკვერებსა და ბაღებში მშენებლობა განახორციელოს“


