„ანას ბაღის” რეაბილიტაცია იგეგმება და ვერავინ გაბედავს, სკვერებსა და ბაღებში მშენებლობა განახორციელოს“
24/02/2020 08:26:12 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, „ანას ბაღის” რეაბილიტაცია იგეგმება და ვერავინ გაბედავს, სკვერებსა და ბაღებში მშენებლობა განახორციელოს“.
„ძალიან მალე დავიწყებთ “ანას ბაღის” სრულ რეაბილიტაციას. არსებულ ტერიტორიას, რაც ჰქონდა “ანას ბაღს”, კიდევ დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს, რომ რაც შეიძლება, დიდი სკვერი გამოვიდეს და იყოს ულამაზესი სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაისვენონ და გაერთონ”, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: ადგილობრივები ვარკეთილში, "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას უკვე სამი წელია, ითხოვენ. მშენებელი კომპანია და მერია ირწმუნებიან, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრება. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ–გვერდზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობისას ხეების მოჭრა არ იგეგმება. თუმცა ადგილობრივებს მერიისა და კომპანიის მიერ გაცემული დაპირებების არ სჯერათ. გუშინ მოსახლეობამ და აქტივისტებმა „ანას ბაღის“ მიმდებარედ „პარტიზანული სკვერი“ მოაწყვეს და ხეებიც დარგეს. დღეს დილით კომპანია „შპს ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა” კერძო დაცვის გამოყენებით ტერიტორიიდან ნარგავები აიღო.


