WTO–ს პრეზიდენტი – საქართველოს: „იმოქმედეთ და შეაკავეთ კორონავირუსი, მყისიერი და სწორი ღონისძიებებით ეს შესაძლებელია"
27/02/2020 16:48:44 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) თავმჯდომარე ტედროს ადჰანო საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსი („COVID-19“) დაფიქსირდა, „სწრაფი და აგრესიული ზომების“ მიღებას ურჩევს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში „COVID-19“ საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. ამ სახელმწიფოებს ვურჩევდი, სწრაფად და აგრესიულად იმოქმედონ და შეაკავონ ვირუსი. სწორი და მყისიერი ღონისძიებების გატარებით ეს შესაძლებელია. ახლა შიშის დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა, რათა ხალხი გადავარჩინოთ“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ("COVID-19“) გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 400–მდეა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.
რაც შეეხება ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ვითარებას, "COVID-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.
"COVID-19“ უკვე მსოფლიოს 45–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს


