"ვაქცინის გამოყენების პირველი შედეგები რამდენიმე კვირის განმავლობაში გაირკვევა"
28/02/2020 16:33:34 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების პირველი შედეგები უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„მსოფლიოში ოცზე მეტი სხვადასხვა ვაქცინის შემუშავება მიმდინარეობს და რამდენიმე პრეპარატს კლინიკური კვლევები უკვე უტარდება. პირველ შედეგებს უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ველით“, - განაცხადა გებრეიესუსმა და მოსახლეობას ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2–მდე გაიზარდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს


