საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

28-02-2020 14:16:33 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა.

"პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ირკვევა, პაციენტი 31 წლის ქალია, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში ხუთი დღის განმავლობაში ქართულ ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა, ჩამოფრინდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მეორე დღეს თავად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

როგორც გამყრელიძე ამბობს, პაციენტის თანმხლები პირი ამ დროისთვის კარანტინში იმყოება. ამასთან, მიმდინარეობს იმ პირთა მოძიება, რომლებთანაც პაციენტს შესაძლოა, ჰქონოდა შეხება.

გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ერთ პაციენტთან დაკავშირებით არის ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე დადებითი დასკვნის მოლოდინი.

ის მოუწოდებს მოსახლეობას, არ ჩავარდეს პანიკაში, დაიცვას ჰიგიენის წესები და გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, თავი შეიკავოს დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები