ვაშინგტონის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
29/02/2020 21:02:47 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) გამო ვაშინგტონის შტატი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„დროა, მივიღოთ გონივრული და მყისიერი ზომები, რათა მოქალაქეეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ.
მისი ბრძანებულების თანახმად, საჯარო უწყებებს დაევალათ, გამოიყენონ სახელმწიფო რესურსები და გააკეთონ ყველაფერი, რათა დაუყოვნებლივი დახმარება გაუწიონ ვირუსით დაავადებულ მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვაშინგტონის შტატში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მსხვერპლი 50 წლამდე ასაკის ამერიკელი მამაკაცია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორ რობერტ რედფილდის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს "ბოლო პერიოდის განმავლობაში არც არსად უმოგზაურებია". ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსით 70–მდე პირია ინფიცირებული.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 47 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 337- მდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 835 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 87-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 85 000–ს გადააჭარბა.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3–მდე გაიზარდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს


