საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
29/02/2020 09:22:19 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, მესამე დაინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მისივე განმარტებით, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულ 50 წლამდე კაცთან, რომელიც ასევე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში.
"მესამე დაინფიცირებული წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი, სადაც იყო რამდენიმე დღე. გუშინ შემოვიდა საქართველოში, ჰქონდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში".
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს სამივე დაინფიცირებულის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა.


