„თურქეთის საზღვარიდან ევროკავშირის მიმართულებით 100 000-ზე მეტი მიგრანტი მიემართება“
02/03/2020 06:50:35 მსოფლიო
„თურქეთის საზღვრიდან ევროკავშირის მიმართულებით 100 000-ზე მეტი სირიელი მიგრანტი მიემართება“, – ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. მისივე თქმით, ანკარა ევროპისკენ მიმავალ სირიელ ლტოლვილებს აღარ შეაჩერებს.
საბრძნეთის სასაზღვრო სამსახური სოილუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადატურებს.
ცნობისთვის: 27 თებერვალს იდლიბში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის არმიის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. მოგვიანებით თურქეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა. რუსეთი სირიაში თურქი სამხედროების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას იხსნის.
იდლიბში თურქეთის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 9 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.
- თურქეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეებს - შესაბამისად, ოპოზიციასა და ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. ამასთან, ორივე მხარე სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბში დაზავების გარანტად პოზიციონირებს. თურქეთი ზავის დარღვევაში ასადის ჯარს ადანაშაულებს, ხოლო რუსეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას. თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით შედეგს არ იძლევა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბში ასადის ძალების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაცია მხოლოდ დროის საკითხი იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა თურქეთი გააფრთხილა, ოპერაციის დაწყებისგან თავი შეეკავებინა.
- სირიის კონფლიქტში ჩართვას თურქეთი იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსეთთან შეთანხმებით მოწყობილ სადამკვირვებლო საგუშაგოებზე მყოფი თავისი სამხედროების დაცვის მოტივით ხსნის. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ ასადის ჯარები ებრძვიან ტერორისტებს, რომლებზეც ზავის შესახებ შეთანხმება არ ვრცელდება.


