რუსეთი სირიაში თურქი სამხედროების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას იხსნის

28-02-2020 13:24:17 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქი სამხედროები, რომლებიც სირიის იდლიბის პროვინციაში სროლაში მოყვნენ, ტერორისტულ ფორმირებებთან ერთად იმყოფებოდნენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, რომლის თანახმად, "27 თებერვალს დასახლებულ პუნქტ ბეჰუნთან სირიის ჯარებმა იერიში მიიტანეს ტერორისტთა დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ან-შამზე,“ რომელიც იდლიბის დეესკალაციის ზონაში სირიის სამთავრობო ძალებზე ფართომასშტაბიან შეტევას ცდილობდა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების რუსული ცენტრი თურქული მხარისგან მუდმივად ითხოვდა მისი სამხედროების კოორდინატებს და დადასტურებასაც იღებდა, ამ მონაცემებით კი, თურქები ბეჰუნთან არ იმყოფებოდნენ და არც უნდა ყოფილიყვნენ.

მოსკოვი აცხადებს, რომ ოპერაციის ზონაში თურქი სამხედროების დაშავების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მიმართა ზომებს, რათა სირიის არმიას ცეცხლი შეეწყვიტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმასაც ამტკიცებს, რომ ბეჰუნთან რუსული საბრძოლო ავიაცია გამოყენებული არ ყოფილა და ოპერაციას მხოლოდ სირიის არმია ატარებდა.

ცნობისთვის: 27 თებერვალს იდლიბში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის არმიის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. მოგვიანებით თურქეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა.

იდლიბში თურქეთის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 9 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • თურქეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეებს - შესაბამისად, ოპოზიციასა და ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. ამასთან, ორივე მხარე სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბში დაზავების გარანტად პოზიციონირებს. თურქეთი ზავის დარღვევაში ასადის ჯარს ადანაშაულებს, ხოლო რუსეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას. თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით შედეგს არ იძლევა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბში ასადის ძალების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაცია მხოლოდ დროის საკითხი იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა თურქეთი გააფრთხილა, ოპერაციის დაწყებისგან თავი შეეკავებინა.
  • სირიის კონფლიქტში ჩართვას თურქეთი იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსეთთან შეთანხმებით მოწყობილ სადამკვირვებლო საგუშაგოებზე მყოფი თავისი სამხედროების დაცვის მოტივით ხსნის. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ ასადის ჯარები ებრძვიან ტერორისტებს, რომლებზეც ზავის შესახებ შეთანხმება არ ვრცელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები