Accentnews.ge
რატომ დაიბარეს გერმანიის ელჩი – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება

რატომ დაიბარეს გერმანიის ელჩი – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება

24/09/2025 14:57:31 ევროპა, პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც დიპლომატის დაბარების მიზეზებს განმარტავს.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის პატივისცემაზე მიუთითეს და „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობაზე“ შეშფოთება გამოთქვეს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შემაშფოთებელია ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებაც.

„24 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ ფიშერთან.

შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.

ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩს მოსთხოვეს, რომ ოფიციალურად წარედგინა საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლები.

„ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენის გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და, შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად.

საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია გერმანიის ელჩს. პეტერ ფიშერმა სამინისტროში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ აპირებდა უარყოფას იმ უსაფუძვლო და პროვოკაციული ბრალდებების, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მის წინააღმდეგ გამოთქვამენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S