უკრაინაში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა
11/03/2020 12:33:37 მსოფლიო
უკრაინაში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტარი ვიქტორია სიუმარი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სკოლები და სასწავლო დაწესებულებები დაიხურება, იკრძალება შეკრებები, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ამასთან, ქვეყანა 219 სასაზღვრო– გამშვები პუნქტიდან 170-ს კეტავს.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსის 1 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 24 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 158–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 778 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 200–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 115 800–ს გადააჭარბა. 67 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. 23 ინფიცირებული პაციენტიდან 20 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


