
დონალდ ტრამპი: გვირჩევნია, რომ უკრაინას Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს
18/10/2025 04:30:26 მსოფლიო
გვირჩევნია, რომ უკრაინას Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მედიასთან საუბარში განაცხადა.
„არ ვიცი მას [პუტინს] მაგიდასთან რა დასვამს. ვფიქრობ, რომ შეთანხმების მიღწევა სურს, სულ ესაა. არ ვიცი რა მოიყვანს [მაგიდასთან]“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, Tomahawk „ძალიან საშიში იარაღია, წარმოუდგენელი იარაღია. ომი თუ მოგწონს - ეს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია“.
„საოცარი, ძალიან ძლიერი იარაღია, მაგრამ ძალიან საშიში იარაღია და ამას შეიძლება დიდი ესკალაცია მოჰყვეს, ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს. Tomahawk-ები დიდი ამბავია“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის და ზელენსკი Tomahawk-ებზეც ისაუბრებენ, „მაგრამ გვირჩევნია Tomahawk-ები არ დასჭირდეთ, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდნენ.