„ბლუმბერგი“: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების დამატებითი რაოდენობა გადასცა
03/11/2025 14:50:00 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების დამატებითი რაოდენობა გადასცა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
კონკრეტულად რა რაოდენობით რაკეტები გადაეცა კიევს, არ დაზუსტებულა, თუმცა როგორც სტატიაში აღნიშნული, ეს საკმარისი უნდა იყოს ზამთრის პერიოდისთვის, რა დროსაც, როგორც გამოცემასთან საუბარში დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებს გააძლიერებს.
„ბლუმბერგი წერს“, რომ ლონდონის გადაწყვეტილება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა ამ ეტაპზე უარი თქვა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე.
Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები ისეთ შორ მანძილზე არ მოქმედებენ, როგორც „ტომაჰავკი“, თუმცა უკრაინას აქვს საშუალება, ამ იარაღით დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში რამდენიმე ასეულ კილომეტრზე მიიტანოს.
პირველად ეს რაკეტები უკრაინამ 2024 წელს გამოიყენა. ბრიტანეთის ხელისუფლებას კიევისთვის Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების გადაცემა არც დაუდასტურებია და არც უარყვია.


