„აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე, პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და დახურულ ჯგუფში ავრცელებდნენ“, - აცხადებენ პროკურატურაში.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:
- 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა) - გათვალისწინებულია 6-დან 9 წლამდე სასჯელი;
- 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) - 5-დან 8 წლამდე პატიმრობა;
- 144-ე პრიმა მუხლის მორე ნაწილის „ზ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) - 12 წლამდე პატიმრობა (არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით).
როგორც წესი, როცა საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, საქმის სასამართლო განხილვები იხურება.
გუშინ, 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დააკავა 16 ადამიანი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.


