რუსეთში პუტინის 2036 წლამდე პრეზიდენტად დარჩენის მოწინააღმდეგეებს მასობრივად აკავებენ
12/03/2020 12:05:08 მსოფლიო
რუსეთში ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ვადის განულების მოწინააღმდეგეთა მასობრივი დაკავებები დაიწყო.
სანქტ-პეტერბურგში, საკანონმდებლო კრების შენობასთან საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეთა პიკეტის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, - იუწყება “Север.Реалии”-ს კორესპონდენტი. “პუტინის ცვლილებებს” კრებამ დღეს, 12 მარტს უნდა უყაროს კენჭო.ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ასევე “მშვიდობიანი წინააღმდეგობის” აქტივისტები დიმიტრი ნეგოდინი და ევგენი მუსინი. პირველს დაკავებისას ეკავა პლაკატი წარწერით “დეპუტატებო, არ მიიღოთ მონაწილეობა დანაშაულში, უკუაგდეთ ანტიკონსტიტუციური ცვლილებები", მეორეს – "არა – პუტინის დანაშაულებრივ ცვლილებებს!".
დაკავებულთა შორისაა 21-23 მარტს მიტინგების ჩატარებაზე განაცხადების ორი ავტორი – “ღია რუსეთის” აქტივისტი სერგეი კუზმინი და მუნიციპალური დეპუტატი ვასილი კუნინიც. ორივე საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლისას აიყვანეს.
საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს დააკავეს ასევე მოძრაობა “ღია რუსეთის” აქტივისტი ლარისა კუჩეროვა. კიდევ ორი აქტივისტი ქალი – ოლგა სმირნოვა და მარინა კენი კი პოლიციელებმა მანქანებამდე ხელში აყვანილები მიიყვანეს და იზოლატორში “სამართალდამცველთა შეურაცხყოფის” ბრალდებით მოათავსეს.
ეკატერინბურგში დააკავეს პიკეტების მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტია “იაბლოკოს” წევრი სერგეი ხორნჟენკო. ამის შესახებ დაკავებულთა ახლობლები სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” იუწყებიან.
"ОВД-Инфо"-ს ინფორმაციით კი, დაკავებულები არიან ასევე პიკეტების მონაწილეები ტულასა და ნალჩიკში.


