"რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და პუტინის მოსმენას დაესწრო"
12/03/2020 15:20:18 მსოფლიო
"რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და პუტინის მოსმენას დაესწრო", – ამის შესახებ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ განაცხადა.
ჟირინოვსკის განცხადებით, საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ დეპუტატი სერგეი კატასოვი სათათბიროს სხდომებს დაესწრო, მათ შორის იმ შეკრებასაც, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უსმენდნენ.
"იგი გამოცხადდა აქ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. საშინელი საქციელია, მას ყველა ფეხებზე ვკიდივართ. შესაძლოა, მან უკვე ათობით ადამიანი დააინფიცირა", – განაცხადა ჟირინოსვკიმ.
სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, სერგეი კატასოვს ორი კვირით საკანონმდებლო ორგანოს საშვი გააუქმეს. დეპუტატების ნაწილი კი კარანტინში მოექცევა.
თავად სერგეი კატასოვის თქმით, საფრანგეთს მანამდე სტუმრობდა, ვიდრე მას მაღალი რისკის ქვეყნად გამოაცხადებდნენ.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული.
რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფ პირს კარანტინის რეჟიმის დამრღვევის შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შესაბამისი გადაწვეტილება ქვეყნის მთავრობამ 8 მარტს მიიღო.
„თანამოქალაქეებმა, რომლებიც სამშობლოში ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან დაბრუნდნენ, 14 დღე სახლებში თვითიზოლაციაში უნდა გაატარონ. კარანტინის რეჟიმის დამრღვევს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება“, – აცხადებენ მოსკოვის მერიაში.


