ნიუ–იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
12/03/2020 20:19:16 მსოფლიო
ნიუ–იორკში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
ბოლო 24 საათში ქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობა 42–ით გაიზარდა. ნიუ–იორკში ამ დროისთვის სულ ინფიცირებულია 94 ადამიანი.
უკანასკნელი მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსმა 39 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 1,780.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


