პუტინი – 2036-მდე: გავლენიანმა ინგუშურმა ტეიპმა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა
13/03/2020 09:14:24 მსოფლიო
უძველესი და გავლენიანი ინგუშური ტეიპის – ოზდოევების საგვარეულო საბჭომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართა და განაცხადა, რომ “არ აპირებს მონაწილეობას იმ კანონის პიარ-კამპანიაში, რომელიც ინგუში ხალხის უფლებების აღდგენაზე არაა მიმართული”, ამდენად საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც, მათ შორის, საპრეზიდენტო ვადებს ანულებს და პუტინს თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩენის შესაძლებლობას აძლევს, მხარს არ დაუჭერს.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუიო ცვლილებები, რომელსაც მხარი რუსეთის პარლამენტის ოროვე პალატამ და თავად პრეზიდენტმა პუტინმა დაუჭირეს, 22 აპრილისთვის დაგეგმილ სახალხო კენჭისყრაზეა გატანილი.
"ინგუში ხალხის უფლებების შელახვას - უფლებებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციითაა გარანტირებული, მასობრივი და ხანგრძლივი სახე აქვს. შეგახსენებთ, კერძოდ, ჩეჩნეთის სასარგებლოდ ინგუშეთის ტერიტორიის 15%-ის გადაცემას, რომელიც 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოსკოვის უშუალო ჩართულობით განხორციელდა; ასევე ინგუში ხალხის საპროტესტო აქციების ხისტ ჩახშობასა და აქტივისტების დევნას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ინგუში ხალხის ნებისა და უფლებების იგნპრირება ფედერალური და რეგიონული ხელისუფლებების მთავარი ამოცანაა. იმ პირობებში, როცა ხელისუფლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლახავს მთელი ხალხის უფლებებს, რა აზრი აქვს ამ პიარ-კამპანიაში მონაწილეობას?! ვინაიდან შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები ინგუშების უფლებების აღდგენაზე არაა მიმართული, ვერც კენჭისყრაში მონაწილეობის აზრს ვხედავთ” – ნათქვამია, კერძოდ, ღია წერილში, რომლის სრული ტექსტი დამოუკიდებელ საინფორმაციო გვერდ Fortanga.org-ზე გამოქვეყნდა.
ცნობისთვის: ორიოდ დღის წინ რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ორივე პალატამ საბოლოო – მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, მათ შორის, საპრეზიდენტო ვადების განულებას ითვალისწინებს და მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაძლებლობას უქმნის, თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩეს.
რუსეთში მოღვაწე უფლებადამცველები ამას “ანტისაკონსტიტუციო გადატრიალებად” აფასებენ.
მოსკოვსა და რიგ სხვა მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება, თუმცა როგორც აქციების, ისე მცირე პიკეტების მონაწილეებსაც კი ქვეყნის მასშტაბით მასობრივად აკავებენ.


