ესტონეთსა და ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
13/03/2020 09:21:23 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, ესტონეთსა და ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ესტონეთი საგანგებო მდგომარეობა 1 მაისამდე იმოქმედებს, ლატვიაში კი – 14 აპრილამდე.
ესტონეთში, აეროპორტებსა და პორტებში. სანიტარული კონტროლი დაწესდა. პირველ მაისამდე დაიხურა მუზეუმები და კინოთეატრები, აიკრძალა კონცერტები, კონფერენციები და სპორტული ღონისძიებები. საავადმყოფოებსა და ციხეებში პაციენტებისა და პატიმრების მონახულება შეიზღუდა. ლატვიაში კი ყველა სასწავლო დაწესებულებაში კარანტინი გამოცხადა. მოქალაქეები, რომლებიც იმ სახელმწიფოებიდან ბრუნდებიან, სადაც კორონავირუსი არის გავრცელებული, ორკვირიან კარანტინს გაივლიან.
ესტონეთში კორონავირუსის 27 შემთხვევა არის დაფიქსირებული, ლატვიაში – 16.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


