Accentnews.ge
„თვისტომი“ პაატა ბურჭულაძის საქმის სამართლიან და ჰუმანურ გადასინჯვას ითხოვს

„თვისტომი“ პაატა ბურჭულაძის საქმის სამართლიან და ჰუმანურ გადასინჯვას ითხოვს

18/05/2026 20:55:00 პოლიტიკა

ამერიკაში მოქმედი ქართული სათვისტომო ორგანიზაცია „თვისტომი“ მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, უზრუნველყოფილი იყოს საქმის სამართლიანი, დამოუკიდებელი და ჰუმანური გადახედვა. 

"საქართველოს მთავრობას
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს სახალხო დამცველს
საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტებს
ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს
დიპლომატიურ კორპუსს
და საერთაშორისო საზოგადოებას
მიმართვა პაატა ბურჭულაძის მიმართ გამოტანილი განაჩენის სამართლიანი და ჰუმანური გადასინჯვის თაობაზე

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო ორგანიზაციები, პატივისცემით მივმართავთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, საზოგადო მოღვაწის — პაატა ბურჭულაძის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბატონ პაატა ბურჭულაძეს შეეფარდა შვიდწლიანი თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის ოქტომბრის საპროტესტო მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი შეშფოთება და მორალური კითხვები გააჩინა როგორც ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებში, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსა და კულტურული წრეების ნაწილში.

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ: ეს მიმართვა არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც საქართველოს დემოკრატიული განვითარება, საერთაშორისო რეპუტაცია, სამართლის უზენაესობა და ქვეყნის მორალური ავტორიტეტი გულწრფელად გვაღელვებს.

ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერების დაცვის მიმართულებით. ამავე დროს, გვჯერა, რომ მართლმსაჯულების რეალური ძალა ვლინდება არა მხოლოდ კანონის აღსრულებაში, არამედ იმ სამართლიან, პროპორციულ და ჰუმანურ მიდგომაში, რომლითაც იგი მოქმედებს. 

პაატა ბურჭულაძე მრავალი ათწლეულის განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს წამყვან კულტურულ სცენებზე, სწორედ ამიტომ, მისი საქმე ბუნებრივად სცდება ერთი ინდივიდუალური სამართლებრივი დავის ფარგლებს და საზოგადოებრივ ინტერესს იძენს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი პოზიციაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ყველა სამართლებრივი პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ინტერპრეტაციისგან. 

ამიტომ პატივისცემით მოვუწოდებთ საქართველოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს:
1. უზრუნველყონ პაატა ბურჭულაძის საქმის სრული, დამოუკიდებელი  სამართლიანი და ჰუმანური გადახედვა;
2. შეფასდეს დაკისრებული სასჯელის პროპორციულობა და ჰუმანური გარემოებები;
3. სრულად იყოს დაცული სასამართლოს დამოუკიდებლობის, სათანადო სამართლებრივი პროცესისა და ეფექტიანი გასაჩივრების პრინციპები;
4. უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო დაკვირვებისა და მონიტორინგის შესაძლებლობა საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად;
5. შემდგომ სამართლებრივ პროცესებში სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული პაატა ბურჭულაძის კულტურული, საზოგადოებრივი ღვაწლი.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის ისტორია ეფუძნება თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისათვის ბრძოლას. 

სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ სახელმწიფოს სიძლიერე ყველაზე ნათლად მაშინ ვლინდება, როდესაც სამართალი და ადამიანურობა ერთმანეთისგან არ იყოფა.

ჩვენ, ქართველ ემიგრანტებს, საქართველოს სახელი და ღირსება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველდღიურად დაგვაქვს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მსგავსი მნიშვნელობის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ამყარებდეს საზოგადოების ნდობას, აძლიერებდეს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და აჩვენებდეს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული და ჰუმანური სამართლის პრინციპებისადმი.

ეს მიმართვა მომზადებულია მშვიდობის, სამართლიანობის, პასუხისმგებლობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის სულისკვეთებით"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე აწერს. 

4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და კიდევ ექვს ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება, 2026 წლის 7 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

„4 ოქტომბრის საქმის“ ამ ჯგუფში ბრალდებულები იყვნენ:

  • პაატა ბურჭულაძე, საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი - მიუსაჯეს 7 წლით პატიმრობა;
  • პოლიტიკოსები: მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე - 7-7 წლით პატიმრობა;
  • თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - 7 წლით პატიმრობა;
  • თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია - 5-5 წლით პატიმრობა.
  • ირაკლი შაიშმელაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი - 2 წლით პატიმრობა; მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს - იმყოფება აშშ-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S