ჩინელი მეცნიერები: „კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა, უკვე აპრილისთვის გვქონდეს და გადაუდებელ შემთხვევებში მის გამოყენებასაც დავიწყებთ“
13/03/2020 16:55:33 მსოფლიო
ჩინელი მეცნიერების განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა, უკვე აპრილისთვის შექმნან და გადაუდებელ შემთხვევებში მისი გამოყენებაც დაიწყონ.
„ჩვენი გათვლებით, ვიმედოვნებთ, რომ უკვე აპრილში ვაქცინა მზად გვექნება, დავიწყებთ კლინიკურ კვლევებს და გადაუდებელ შემთხვევებშიც გამოვიყენებთ. რაც შეეხება ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს, მინდა, განვაცხადო, რომ მისი შექმნა მეცნიერული და სტანდარტიზებული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება“, – განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დირექტორმა ჟენგ ჟონგვეიმ.
ზოგადად ვაქცინის საჯაროდ გამოყენებამდე, მისი უსაფრთხოების შემოწმებას დაახლოებით, 12–დან 18 თვემდე პერიოდი სჭირდება. თუმცა ჩინეთის კანონმდებლობის თანახმად, ის შეიძლება, საგანგებო შემთხვევებში უფრო ადრეც იქნას გამოყენებული.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


