„არ გამიკეთებია კორონავირუსზე ტესტი იმიტომ, რომ არანაირი სიმპტომი არ მაქვს“
13/03/2020 20:12:06 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ახალი ტიპის კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს.
„არ გამიკეთებია კორონავირუსზე ტესტი იმიტომ, რომ არანაირი სიმპტომი არ მაქვს. საბედნიეროდ, ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა, დიდი ალბათობით, ტესტს გავიკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. მოგვიანებით, აღნიშნული თავად ბრაზილიის პრეზიდენტმა უარყო და განაცხადა, რომ მას ვირუსი არ დაუდასტურდა.
ჟაირ ბოლსონარუ 6 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა და ამერიკელ კოლეგასთან არაერთი შეხვედრა გამართა.
ცოტა ხნის წინ აშშ–ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ქვეყნის საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. მანამდე,12 მარტს კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ–მა ევროპის 26 ქვეყნიდან უცხოელების მიღება შეაჩერა. აკრძალვა 13 მარტიდან 30 დღით ამოქმედდა. გამონაკლისი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის დაიშვება.
ბოლო მონაცემებით, აშშ–ში ახალი ტიპის კორონავირუსს 40 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 1701.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


