უკრაინა ავიამიმოსვლას მთლიანად წყვეტს
13/03/2020 21:47:51 მსოფლიო
უკრაინა 17 მარტიდან ავიამიმოსვლას მთლიანად წყვეტს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვაში გააკეთა.
ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს, სამი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ სამშობლოში. ხოლო ისინი, ვინც სამშობლოში დაბრუნებას ობიექტური მიზეზებით ვერ შეძლებენ, უკრაინის საკონსულოებს და საელჩოებს უნდა მიმართონ.
ზელენსკის განცხადებით, 16 მარტს ძალაში შევა განკარგულება, რომლითაც უკრაინაში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესვლა აიკრძალება. გამონაკლისის დაიშვება დიპლომატებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული ზომები პირველ ეტაპზე ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.
მისივე თქმით, უკრაინის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 100 მილიონი ჰრივნა, რომელიც ინდივიდუალური პირების დაცვის საშუალებების წარმოებას მოხმარდება. საჭიროების შემთხვევაში, ასევე გამოიყოფა 500 მილიონი ჰრივნა, რაც სამედიცინო დახმარების შეძენაზე დაიხარჯება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი იწყებს მუშაობას, რათა კორონავირუსის 200 ათასი ტესტი დაამზადოს. უკრაინის რეგიონებში გაიხსნება მოძრავი საველე ლაბორატორიები.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს, სახლებში დარჩნენ და ჰიგიენა დაიცვან.


