უკრაინამ დაადასტურა დარტყმა რუსეთის ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
14/07/2026 12:04:00 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 ივლისს დღისით დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყეს ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას - კრასნოდარის მხარის დაბა აფიპსკიში მდებარე ქარხანას და ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში მდებარე „გაზპრომნეფტეხიმ სალავატს“.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, ორივე ქარხანა ჩართულია რუსული არმიის მომარაგებაში. გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დაფიქსირებულია ხანძრები, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.
14 ივლისს დილით კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა დაადასტურა დრონებით შეტევა ქალაქ სალავატის სამრეწველო ზონაზე და „ჩამოგდებული უპილოტოების ნამსხვრევებით გამოწვეული დაკვამლიანება”, თუმცა კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ 14 ივლისს განაცხადა, რომ „გაზპრომნეფტეხიმ სალავატზე“ დარტყმა „წარმატებული" იყო და წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების კრიტიკულად მნიშვნელოვანი დანადგარი და სხვა საწარმოო სიმძლავრეები.
უკრაინის სპეცოპერაციების ძალების თანახმად, ეს იყო ბენზინის ბოლო მსხვილი მწარმოებელი, რომელზეც 2026 წელს იერიში არ მიუტანიათ.


