გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა
14/03/2020 08:13:04 სამართალი
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.
"საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება. რომლის მიხედვითაც - „განსხვავევების მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.“. ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად აღიქვამს, რიგი პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის ჩემს პატიმრობას. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე, მე მივმართე საზოგადოებასა და ჩემს კოლეგებს ოპოზიციაში, რომ ჩემი პატიმრობა არ გამხდარიყო ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღწევის გზაზე. ფაქტია რომ სიტუაციის საბოლოო განმუხტვას სჭირდება იმ პირების გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. ეს ჩემთვის გარდა პერსონალურისა, საზოგადოებრივი საკითხია. აქ არ წყდება ერთი ადამიანის, მათ შორის თუნდაც ჩემი, ციხეში ყოფნის საკითხი. უკვე აღწერილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე მინდა მოგმართოთ რომ განიხილოთ ჩემი გათავისუფლების საკითხი თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის მიერ მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში", – განაცხადა უგულვას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის: რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. თუმცა მსგავის სახის შეთანხმებას მმართველ გუნდში გამორიცხავენ.
იხილეთ ასევე: პრეზიდენტი – უგულავაზე: "თუ ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, შესაბამისი აქტი მიღებული იქნება"


