
პრეზიდენტი – უგულავაზე: "თუ ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, შესაბამისი აქტი მიღებული იქნება"
09/03/2020 13:10:07 საშინაო პოლიტიკა
"თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, შესაბამისი აქტი მიღებული იქნება ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას შესაძლო შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიმდინარე წელს იქნა მიღებული. რა მოთხოვნაც შემოვა, ამ წესების მიხედვით იქნება განხილული. ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ და გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. თუმცა მსგავის სახის შეთანხმებას მმართველ გუნდში გამორიცხავენ.