რუსეთი ლატვიის, მოლდოვას და უკრაინის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს
15/03/2020 12:15:02 მსოფლიო
17 მარტიდან რუსეთი უკრაინასთან, მოლდოვასთან და ლატვიასთან სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს. როგორც “რუსეთის რკინიგზაში” აცხადებენ, გადაწყვეტილება ახალი ტიპის კორონავირუსის გამო ამ ქვეყნების რკინიგზების დაკეტვის შესახებ შეტყობინების საფუძველზე იქნა მიღებული.
მანამდე რუსეთის რკინიგზამ მოსკოვიდან ბერლინის და პარიზის, კიდევ უფრო ადრე კი პრაგის მიმართულებით მიმოსვლა შეაჩერა.ამჟამად რუსეთში, ოფიციალური ნფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 59 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ყველაზე მეტი – 33 მოსკოვშია აღრიცხული. მათ შორისაა რამდენიმე არასრულწლოვანი. რუსეთის სამი მოქალაქე სხვა დაავადებულთაგან დაინფიცირდა და არ შემოუტანია ვირუსი უცხოეთიდან, - იუწყება “როსპოტრებნადზორი”. 6 ადამიანი გამოჯანმრთელებულად გამოცხადდა. მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკიდან 52 მოქალაქე გაწერეს, რომელიც ინფიცირებულებთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა.მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის დამალვის თაობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თავად არის დაინტერესებული, მოქალაქეებს ინფიცირების ყველა შემთხვევის შესახებ აცნობოს, რათა დადგინდეს პაციენტის ყველა კონტაქტი და სიტუაციის ლოკალიზება მოხერხდეს.მანამდე სოციალურ ქსელ «Вконтакте»-ში და WhatsApp-ის ჯგუფურ ჩატებში გაჩნდა ცნობები რუსეთში რეალურად 20 ათასამდე ინფიცირებულის შესახებ.
მოგვიანებით გენერალური პროკურატურის მოთხოვნით სოცქსელებიდან ინფორმაცია წაშალეს.
5 მარტიდან მოსკოვში მომეტებული მზადყოფნის რეჟიმი მოქმედებს, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩასულები ვალდებულები არიან, 14 დღის განმავლობაში შინ თვითიზოლაციის რეჟიმი დაიცვან. ქალაქში აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები 5 ათასზე მეტი მოქალაქის მონაწილეობით. 16 მარტიდან მოსკოვისა და მიმდებარე რაიონების სკოლებში თავისუფალი დასწრება შემოიღეს.
ამასთან, მოსკოვში ტრანსპორტისა და დაწესებულებების მუშაობის შეზღუდვა არ იგეგმება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა. მისივე თქმით, დედაქალაქის ხელისუფლება მთავარ ამოცანად რისკ-ჯგუფებთან მუშაობას მიიჩნევს.


