რუსეთი საზღვარს ბელარუსთანაც კეტავს
16/03/2020 09:32:20 მსოფლიო
რუსეთი ფიზიკურ პირთა გადაადგილებისთვის ბელარუსთან საზღვარს კეტავს, - ამის შესახებ პრემიერმა მიშუსტინმა ოპერატიულიი თათბირის დასრულების შემდეგ განაცხადა. თუმცა როდიდან იქნება შემოღებული ეს შეზღუდვა – მას არ დაუკონკრეტებია.
ბელარუსი მე-12 ქვეყანა იქნება იმ 16-იდან, რომლებიც რუსეთს ხმელეთით ესაზღვრება და რომელთა მიმართაც შეზღუდვებია დაწესებული. ამჟამად ღიად რჩება რუსეთის საზღვრები მხოლოდ აზერბაიჯანთან და ფინეთთან.
სახმელეთო საზღვრებზე გადაადგილების შეზღუდვის გარდა, 16 მარტიდან რუსეთმა ევროკვშირის ქვეყნებისკენ, შვეიცარიისა და ნორვეგიისკენ ავიამიმოსვლა შეაჩერა. ავიაკომპანიებისთვის ნებადართულია ფრენა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქების მიმართულებით და რეისების მხოლოდ შერემეტიევოს აეროპორტიდან შესრულება, რომელიც სახელმწიფო გადამზიდავი კომპანია "Аэрофлот"-ის მიერ გამოიყენება. გარდა ამისა, ნებადართულია ჩარტერული რეისები.
• ბოლო მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების 27 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელებულად გამოცხადდა.
• ოპერატიული შტაბის ცნობით, 15 მარტის მდგომარეობით, რუსეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 63 ადამიანს შეადგენს.


