ჰოლანდიაში მოსახლეობა მარიხუანას იმარაგებს
16/03/2020 10:08:23 მსოფლიო
ჰოლანდიაში მარიხუანის მაღაზიებთან გრძელი რიგებია. მოსახლეობა კანაფს იმარაგებს.
ახალი ტიპის კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყნის მთავრობამ რამდენიმე შემზღუდველი ზომა მიიღო, რომელიც ძალაში დღეს 18:00 საათის შემდეგ შევა და 6 აპრილამდე გაგრძელდება.
ახალი ზომების შედეგად, 16 მარტიდან 6 აპრილამდე პერიოდში იხურება სკოლები ,ბაღები , ბავშვთა ზრუნვის ცენტრები, სპორტული კლუბები, ღამის კლუბები, კანაფის მაღაზიები, რესტორნები.
ბოლო მონაცემებით, ჰოლანდიაში კორონავირუსმა 20 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 1135.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.


