რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 1,5-ჯერ – 93-მდე გაიზარდა
16/03/2020 14:15:54 მსოფლიო
რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.
15 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში, ოფიციალური ინფორმაციით, 63 ინფიცირებული იყო აღრიცხული. ამგვარად, ერთ დღე-ღამეში მათი რაოდენობა 1,5-ჯერ გაიზარდა, რაც ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მკვეთრ “ნახტომს” წარმოადგენს.როგორც გოლიკოვამ აღნიშნა, 7 მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე ინფიცირებულებთან კონტაქტის გზით დაინფიცირდა, დანარჩენები - უცხოეთში.
4 მოქალაქე განიკურნა, 79 ჰოსპიტალიზებულია და უმეტესობას დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნება, - განაცხადა გოლიკოვამ.
• მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები შემოიღო. ერთ-ერთი უკანასკნელი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვაა. თუმცა მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ჯერ-ჯერობით არ არის შემოღებული შეზღუდვები მასობრივ საჯარო ღონისძიებებზე, სასწავლო და სხვა დაწესებულებების მუშაობაზე. მსგავსი ზომები მხოლოდ რიგ რეგიონებშია შემოღებული, მოსკოვში კი სკოლებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა.
• ევროკავშირის ზონაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა სწრაფად – ათობითა და ასობით იზრდება. მსოფლიოს მასშტაბით კი, დღეის მდგომარეობით, 173 ათასზე მეტი ინფიცირებულია აღრიცხული, 6600-ზე მეტი დაიღუპა, 78 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნებში ხისტი საკარანტინო ზომებია მიღებული. ამ ფონზე ჟღერს კომენტარები იმის შესახებ, რომ რუსეთში ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, დეკლარირებულს აჭარბებდეს. დღეს ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომაც, რომლის თქმით, “მთელი რუსეთი კორონავირუსისგან იწვის”. თუმცა რუსეთის პრემიერმა მიშუსტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ “მიმდინარეობს ამ თემაზე ფეიქ-სიახლეების მიზანმიმართული გავრცელება”.
• ორშაბათს ერთდროულად რამდენიმე მედიასაშუალებამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 22 აპრილისთვის დაგეგმილი საყოველთაო კენჭისყრის გადადებაზე ფიქრობს.


