მილიარდობით კალია აღმოსავლეთ აფრიკის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა
17/03/2020 08:21:20 მსოფლიო
ჩრდილო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებს მილიარდობით კალია შეესია. კალიები პირველად 2020 წლის იანვრის დასაწყისში სომალიში და ეთიოპიაში გამოჩნდნენ და შემდეგ კენიაში, სუდანსა და უგანდაში გავრცელდნენ. აფრიკის შემდეგ კალიების გუნდი არაბეთის ნახევარკუნძულზე და ახლო აღმოსავლეთში გადავიდა. საფრთხის წინაშე დგანან სპარსეთის ყურის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, ირანი, პაკისტანი და ინდოეთი. კალიების გუნდმა შესაძლოა, თურქეთამდეც მიაღწიოს.
უდაბნოს კალია Schistocerca Gregaria ყოველდღიურად საკუთარი წონის რაოდენობის საკვებს ჭამს და სწრაფად მრავლდება. მათ ამგვარ გამრავლებას ხელი ძლიერმა წვიმებმა შეუწყო. კალიები წვიმის დროს მრავლდებიან, რადგან კვერცხს სველ ნიადაგში დებენ. საშუალოდ, კალიების ერთ გუნდში 4-დან 8 მილიარდამდე კალიაა და დღის განმავლობაში 3.5 მლნ ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამენ.
კალიები მოსავალს და მცენარეულ საფარს ანადგურებენ. იანვარში გაერო–მ განაცხადა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად 76 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იყო აუცილებელი. ახლა ეს რიცხვი 138 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.


