ამერიკელი მკვლევარები: „კორონავირუსი ჰაერში რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება“
18/03/2020 13:09:42 მსოფლიო
აშშ–ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსი (COVID-19) ჰაერში რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება, საგნების ზედაპირზე კი – დღეების განმავლობაში.
მკვლევარების განცხადებით, ინფიცირებული ადამიანის დახველების ან დაცემინების დროს ვირუსის ბაქტერიები ჰაერში მინიმუმ, სამი საათის განმავლობაში ცოცხლობს.
მეცნიერების თქმით, საგნების ზედაპირზე COVID-19 დღეების განმავლობაში რჩება, მაგალითად, პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე – 3 დღის განმავლობაში, მუყაოს ზედაპირზე – 1 დღის განმავლობაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


