Accentnews.ge
ჩინელი ექიმების განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო იაპონური პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ „ძალიან ეფექტური“ აღმოჩნდა

ჩინელი ექიმების განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო იაპონური პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ „ძალიან ეფექტური“ აღმოჩნდა

18/03/2020 14:47:51 მსოფლიო

ჩინელი იქიმების განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო იაპონური პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ „ძალიან ეფექტური“ აღმოჩნდა, – იუწყება „The Guardian“.

მათივე ცნობით, პრეპარატი “ფავიპირავირი“ უხანსა და შენჟენში 340 პაციენტზე გამოსცადეს.

“ფავიპირავირს“ უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებელი აქვს და აშკარად ეფექტურია კორანავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ“, – განაცხადა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ბიოტექნოლოგიების განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟანგ სინმინმა

მისივე თქმით, კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულ პაციენტებს მედიკამენტის მიღებიდან დაახლოებით 4 დღის შემდეგ ტესტმა ინფექციაზე უკვე უარყოფითი პასუხი უჩვენა, სხვა პრეპარატით მკურნალობის შემთხვევაში კი უარყოფითი პასუხის მიღებას საშუალოდ 11 დღე დასჭირდა.

გარდა ამისა, „ფავიპირავირით“ ნამკურნალებ პაციენტთა 91 %–ში ფილტვების მდგომარეობის გაუმჯობესება რენტგენულმა კვლევებმაც დაადასტურა; იმ პაციენტებში კი, რომლებსაც ამ პრეპარატით არ მკურნალობდნენ, ეს მაჩვენებელი 62 % აღმოჩნდა.

„The Guardian“-ის ცნობით, „ფავიპირავირს“კორონავირუსის მსუბუქი და საშუალო სიმპტომების მქონე პაციენტებში იაპონიაშიც იყენებენ. თუმცა როგორც იაპონური გამოცემა „Mainichi Shimbun“ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, პრეპარატი არც ისე ეფექტური აღმოჩნდა მწვავე სიმპტომების მქონე პაციენტებში.

პრეპარატი ფავიპირავირი, რომელიც ავიგანის სახელითაც არის ცნობილი, კომპანია „Fujifilm Toyama Chemical“-მა 2014 წელს შექმნა. „კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში ამ პრეპარატის ფართო მასშტაბით გამოყენებას იაპონიის მთავრობის ნებართვა სჭირდება, რადგან მედიკამენტი გრიპის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი“, – წერს „The Guardian“.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S