დიდი ბრიტანეთის ციხეში პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა
18/03/2020 15:31:37 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთში, მანჩესტერის ციხეში პატიმარს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა, – იუწყება ბრიტანული მედია.
მისივე ცნობით, პატიმარი უკვე ჰოსპიტალიზებულია.
ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, არც ერთ სხვა პატიმარს, ბადრაგსა და ციხის თანამშრომლებს ვირუსი არ აქვთ.
„ამჟამად 13 პატიმარი და ციხის 4 თანამშრომელი, რომლებიც ინფიცირებულ პატიმართან შემხებლობაში იყვნენ, იზოლაციაში არიან“, – აცხადებენ მანჩესტერის ციხის ადმინისტრაციაში.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსმა 71 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 2 626.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


