ბოლო 24 საათში საფრანგეთსა და იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა
18/03/2020 20:01:34 მსოფლიო
დღე–ღამის განმავლობაში საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 89-ით გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო მონაცემებით, ვირუსმა საერთო ჯამში 264 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 9,134.
რაც შეეხება იტალიას, ორდღიანი მცირედი კლების შემდეგ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 475–ს მიაღწია. უკანასკნელი მონაცემებით, იტალიაში დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 000–ს აჭარბებს, ინფიცირებულია 35,713.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


