ბრიტანეთში კვების პროდუქტების შეძენაზე შეზღუდვები დაწესდა
18/03/2020 20:45:30 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში მსხვილმა სუპერმარკეტებმა „Tesco“–მ, „Sainsbury’s“–მა და „Asda“ კვების პროდუქტების შეძენაზე შეზღუდვები დააწესეს. როგორც სავაჭრო ქსელების მფლობელები აცხადებენ, აღნიშნული ზომები მომხმარებელთა მიერ მარაგების პანიკურად დაგროვების გამო მიიღეს.
შეზღუდვების თანახმად, ერთ მომხმარებელს ყოველი სასურსათო სექციიდან მხოლოდ სამი დასახელების პროდუქტის შეძენა შეუძლია.
„ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებ პროდუქტებზე. სადღეისოდ არანაირი დეფიციტი არ არსებობს და საკმარისი მარაგი გვაქვს, მაგრამ ვზღუდავთ გაყიდვებს, რადგან პროდუქცია უფრო დიდხანს გაჩერდეს თაროებზე და უფრო მეტმა მომხმარებელმა შეიძინოს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს, სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად ხორციელდება“, – აცხადებენ ბრიტანული კომპანიები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის არაერთი მოწოდებისა და განცხადების მიუხედავად, რომ სადღეისოდ ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ არსებობს, ქართველი მომხმარებლები პანიკურ შესყიდვებს მაინც აგრძელებენ.


