ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის შიდა გავრცელების არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა
19/03/2020 05:30:33 მსოფლიო
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შიდა გავრცელების არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირებულა. თუმცა გაიზარდა იმპორტირებული ინფიცირების შემთხვევები. დღე–ღამის განმავლობაში ჩინეთში უცხოეთიდან შესულ 21 პირს დაუდგინდა კორონავირუსი. მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


