ესპანელი მაღალჩინოსანი: „მადრიდის მოსახლეობის 80% კორონავირუსით დაავადდება“
19/03/2020 13:10:05 მსოფლიო
მადრიდის რეგიონის მმართველის იზაბელ დიაზ აიუსოს განცხადებით, „მადრიდის მოსახლეობის 80% ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადდება“.
„ყოველი 10–დან 8 პირი, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში ცხოვრობს, კორონავირუსით დაინფიცირდება. ვირუსი ესპანეთში ფართოდ გავრცელდება. ეს განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მოხუცებულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის“, – განაცხადა აიუსომ.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსს 767 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 17 147.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, განაცხადა რომ ქვეყნის მოსახლეობის 60-70 პროცენტი კორონავირუსით დაინფიცირდება.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


