Accentnews.ge
აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა 20%, რომელთაც ჰოსპიტალიზება დასჭირდებათ, 20–დან 44 წლამდე ასაკის პირები არიან

აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა 20%, რომელთაც ჰოსპიტალიზება დასჭირდებათ, 20–დან 44 წლამდე ასაკის პირები არიან

19/03/2020 15:32:31 მსოფლიო

აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა 20%, რომელთაც ჰოსპიტალიზება სჭირდებათ, 20–დან 44 წლამდე ასაკის პირები არიან. ამის შესახებ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

„მართალია, გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია კორონავირუსით ინფიცირებულ ასაკოვან ადამიანებში, მაგრამ 20–დან 44 წლამდე ასაკის პირთა ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ჩვენ დაკვირვება განვახორციელეთ 2500 ინფიცირებულ პაციენტზე, რომელთაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ. აქედან 20%, ანუ 508 პირი არის ახალგაზრდა (20–დან 44 წლამდე); ინფიცირებულთა 18% 45–დან 54 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან; ყველაზე მაღალი 26% ის ადამიანები არიან, რომელთა ასაკი 65–დან 84 წლამდე მერყევობს“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი არ აკონკრეტებს აქვთ თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება იმ ახალგაზრდებს (20–დან 44 წლამდე), რომელთაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ.

თეთრი სახლის კოორდინატორი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში დებორა ბირქსი ახალგაზრდებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სადღეისოდ მაღალი რისკის ჯგუფში არ არიან.

„შემაშფოთებელი ცნობები მოდის ახალგაზრდებთან დაკავშირებით იტალიიდან და საფრანგეთიდან. ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის“, – განაცხადა დებორა ბირქსმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსმა 149 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 9000.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S