ტრამპი: „FDA–მ დაამტკიცა პრეპარატი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ ეფექტურია“
19/03/2020 16:33:05 მსოფლიო
„აშშ–ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა პრეპარატი, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ ეფექტურია“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატმა „ჰიდროქსილქლოროკინი“ კორონავირუსთან დაკავშირებით შესანიშნავი შედეგები აჩვენა. "ჰიდროქსილქლოროკინი" დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულებით“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


