ბოლო 2 დღეა, ჩინეთში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
20/03/2020 06:04:43 მსოფლიო
ბოლო 2 დღეა, ჩინეთში ახალი კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუმცა ქვეყანაში იმატა კორონავირუსის იმპორტირებულმა შემთხვევებმა და დღე-ღამის განმავლობაში 39–ს მიაღწია.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


