„YouTube“ და „Netflix“ მაუწყებლობის ხარისხს ამცირებს, რათა ევროპაში ინტერნეტის მოხმარებას საფრთხე არ შეექმნას
20/03/2020 08:15:19 მსოფლიო
„YouTube“ და „Netflix“ მაუწყებლობის ხარისხს ამცირებს, რათა ევროპაში ინტერნეტის მოხმარებას საფრთხე არ შეექმნას.
კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით, გადაწყვეტილება სისტემაზე დატვირთვის შესამცირებლად მიიღეს.
ევროკომისარი ტიერი ბრეტონი პლატფორმებს სთხოვს, შეწყვიტონ მაღალი ხარისხის ვიდეოების ჩვენება. იგი მომხმარებლებს მიმართავს თხოვნით, არ გამოიყენონ ინტერნეტის HD ხარისხი თუ ამის აუცილებლობა არ არის.
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მუშაობას და სწავლას სახლებიდან აგრძელებენ. გარდა ამისა, უკვე არაერთმა ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და მოქალაქეთა უმეტესობა ერთმანეთს სოციალური ქსელების საშუალებით ეკონტაქტება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. 42 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


