Gucci იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს 1.1 მლნ პირბადეს და 55 000 სამედიცინო კოსტუმს უსასყიდლოდ გადასცემს
23/03/2020 07:31:42 მსოფლიო
იტალიური მოდის სახლი Gucci 1.1 მლნ პირბადეს და 55 000 სამედიცინო კოსტუმს შეკერავს და იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემს.
ბოლო მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა იტალიაში 5 476 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 59 138.
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 14 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 336 000–ს გადააჭარბა, 98 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.


