როუჰანი– ტრაპმს: „თუ რეალურად გსურთ ჩვენი დახმარება, გაგვიუქმეთ სანქციები, რომელიც ვირუსთან ბრძოლას გვირთულებს“
23/03/2020 08:33:08 მსოფლიო
ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ქვეყანა უარს აცხადებს, აშშ–ის მიერ შემოთავაზებულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
„თქვენ ნავთობის ექსპორტი დაგვიბლოკეთ, საბანკო ოპერაციები გაგვიყინეთ... თუ ნამდვილად გსურთ ირანის დახმარება, გაგვიუქმეთ სანქციები, რომელიც ვირუსთან ბრძოლას გვირთულებს“, – განაცხადა როუჰანიმ.
ბოლო მონაცემებით, ირანში ახალი ტიპის კორონავირუსმა 1700 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 21 000–ზე მეტი პირი.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 14 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 336 000–ს გადააჭარბა, 98 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.


