ესპანეთში ყინულის მოედანი დროებით მორგად გადააკეთეს
24/03/2020 11:24:35 მსოფლიო
მადრიდში ყინულის მოედანი Palacio de Hielo დროებით მორგად გადააკეთეს. ესპანეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, შენობაში უკვე განათავსეს ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები.
მადრიდის გუბერნატორის განცხადებით, Palacio de Hielo–ში არსებული ტემპერატურა ცხედრების შენახვის შესაძლებლობას იძლევა და კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრებს დაასვენებენ მანამ, სანამ მათ დამკრძალავი ბიუროების წარმომადგენლები მიაკითხავენ.
როგორც მადრიდის დამკრძალავი ბიუროების ხელმძღვანელმა CNN–ს განუცხადა, ბიუროს თანამშრომლები კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის ცერემონიალებს დროებით აჩერებენ, რადგან მათ „ჯერ–ჯერობით არ აქვთ საჭირო სპეცაღჭურვილობა“.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსს 2 316 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 35 212.


