იტალიელი სამართალდამცველები ქუჩაში ხალხის მონიტორინგს დრონებითაც განახორციელებენ
24/03/2020 11:58:14 მსოფლიო
იტალიელი სამართალდამცველები ქუჩაში ხალხის მონიტორინგს დრონებითაც განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
9 მარტიდან იტალიაში საგანგებო ვითარება მოქმედებს. მოქალაქეები ვალდებულები არიან, დაიცვან თვითიზოლაციის წესები. შეზღუდვების დამრღვევს 232 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა და 6–თვიანი პატიმრობა ემუქრება. მიუხედავად გამკაცრებული ზომებისა, მოქალაქეები თვითიზოლაციის წესებს მაინც არღვევენ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 6077 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 63 927.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 16 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 381,000–ს გადააჭარბა, 102 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული. 67 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.


